mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

სოფლის ტურიზმი კახეთში

სოფლის ტურიზმი კახეთში


საგაზაფხულო სამუშაოების პარალელურად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში სოფლის ტურიზმის სეზონიც დაიწყო. სოფელში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული.
ადგილობრივების განმარტებით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწის დამუშავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოყვანაა, თუმცა სოფლის მეურნეობა აქაურებს ცხოვრებისთვის აუცილებელ სახსრებს ვერ აძლევს.
ნაფარეულელ ანზორ პატარუაშვილის განცხადებით, მისი ოჯახი წლებია სოფლის მეურნებას მისდევს. მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის გაზრდის ერთადერთი საშუალება ტურიზმის განვითარებაა.
თელავის თემში ნაფარეული ერთადერთი სოფელია, სადაც ძირითადი დამსაქმებელი ტურისტული სეგმენტია. აქ მდებარე სასტუმროები, ღვინის მარნები და ბუნება უცხოელ სტუმრებს იზიდავს. სოფელში ტურიზმის პიკი ზაფხულსა და შემოდგომის სეზონზეა.
,,სამუშაო ადგილები არ არის რომ სოფლელები დასაქმდნენ. ჩვენი ძირითადი შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავებიდან მიღებული მოსავალია. ძირითადად: მევენახეობით, სიმნდის და ხორბლის მოყვანით, მეცხოველეობით ვირჩენთ თავს. აქვე ახლოს ტურისტული ობიექტები რომ იყოს კარგი იქნებოდა. ნაფარეულთან ახლოს არის ლოპოტა და ტყუპების ღვინის სახლი და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იქ არის დასაქმებული. ჩემი აზრით, ახლანდელ დროში რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, აუცილებელია სოფლებში ტურიზმის განვითარება’’- აცხადებს ანზორ პატარუაშვილი.
სამუშაო ადგილების არარსებობაზე საუბრობენ სხვა ადგილობრივებიც. მათი განცხადებით, სოფელში ტურისტული ობიექტები უნდა გაიხსნას, რათა მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს. ნაფარეულში მცხოვრები ტიბუცი ნათათრიშვილი ამბობს, რომ წელს სოფელში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. მისივე განცხადებით, გარდა ტურისტული ობიექტებისა, აუცილებელია საოჯახო ტიპის სახლების გახსნაც.
,,წელს სოფელში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და სწორედ ამიტომ ტურისტული ობიექტები, მაგალითად როგორიც ,,საღვინე მარანია’’ ასეთი ობიექტები ხშირი უნდა იყოს, რომ სოფლის მოსახლეობა ადგილზე დასაქმდეს და სხვაგან არ წავიდეს სამუშაოდ,’’- ამბობს ტიბუცი ნათათრიშვილი.
ადგილობრივ ზურაბ ჩიკვაიძეს თქმით კი, მთავრობამ ისეთი სახის პროექტები უნდა განახორციელოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ხალხმა, რომლებიც სასოფლო ტურიზმითა და მისი განვითარებით არიან დაინტერესებული, საოჯახო ტიპის სახლების გასაქირავებლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეძლონ.
,,მთავრობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებით უნდა დაეხმაროს ადგილობრივს, რომ მან დაინტერესების შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლი გახსნას. ეს მის შემოსავალს ერთიორად გაზრდის. ასეთი სახლები ერთ სოფელში რამდენიმე რომ იყოს, იქ დასაქმდებიან ადგილობრივები და უმუშევრობის პრობლემა ასე მწვავე აღარ იქნება,’’- აცხადებს ზურაბ ჩიკვაიძე.
სოფელ ნაფარეულის მკვიდრი, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ლალი ბერიაშვილი, ოჯახს საკუთარი შემოსავლით არჩენს. იგი, ნაფარეულში, ,,ტყუპების საღვინე სახლშია“ დასაქმებული. მისი განმარტებით, კახეთის რეგიონის სოფლებში ტურისტული ობიექტები უნდა გაიხსნას, რომ ადგილობრივებიც დასაქმდნენ და შემოსავლის წყაროც გაუჩნდეთ.
,, წლებია სოფელ ნაფარეულში ,,ტყუპების საღვინე სახლში“ ვარ დასაქმებული. ეს ადგილი ადგილობრივი ძმების საკუთრებაა. ეს არის სასტუმრო-კომპლექსი, სადაც ხდება ქვევრის ღვინის წარმოება. ტურისტისთვის ის რომ მას შეუძლია დააგემოვნოს ქვევრიდან ამოღებული ღვინო ძალიან მიმზიდველია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რომ აქ არის ასეთი ტურისტული კომპლექსი და ამიტომ ვფიქრობ, იმ სოფლებში სადაც ამისი პოტენციალი არის, უნდა მოხდეს მსგავსი სახის ტურისტული ობიექტების გახსნა, რომ ხალხი დასაქმდეს. აქ რამდენიმე ადგილობრივია დასაქმებული და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა,’’- ამბობს ლალი ბერიაშვილი.
სოფელში ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს ნაფარეულში, ტყუპების საღვინე მარანში სტუმრად მყოფი ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე. მისი განცხადებით, აღნიშნული კუთხით ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლებში, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მისივე თქმით, მთავრობამ ამ კუთხით აქტიურად უნდა იმუშავოს.
,,ნაფარეულში პირველად ვარ, სასტუმრო ,საღვინე მარანი’’ სადაც ვარ ჩამოსული, მრავალმხრივ არის დატვირთული. აქ არის მუზეუმი, ვენახი და სხვა საინტერესო ადგილები. რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სოფელში არ არის მოწესრიგებული და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რომ ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისთვის ამ კუთხით ბევრი პრობლემებია სოფლებში მოსაგვარებელი და ჩემი კეთილი რჩევა იქნება, რომ ხელისუფლებამ ამ კუთხით გაააქტიუროს სამუშაოები,’’- აცხადებს გიორგი გირკელიძე.
დასაქმების კუთხით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ნაფარეულელები დახმარებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.