პროფესიით ინჟინერი 54 წლის ნიკოლოზ ოსიყმიშვილი მეფუტკრეობით ორი წლის წინ დაინტერესდა. იგი ინტერნეტის საშუალებით შესაბამის ლიტერატურასა და ვიდეო გაკვეთილებს გაეცნო. ოსიყმიშვილი ფუტკრის მოვლის ქართული და უცხოური ლიტერატურის გაცნობის შემდეგ თაფლის წარმოების პროცესში არ ერევა.
მას სურს, დაამტკიცოს, ტრადიციული სკისა და ანტიბიოტიკების გარეშე, შესაძლებელია ფუტკრის პროდუქტიულობა გაზარდოს და დაავადებებისგან დაიცვას. იგი ფუტკარს ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს უქმნის. იგი სკებს საკუთარი ხელით ამზადებს და მასში ჩარჩო და ფიჭა არ შეაქვს.
ფუტკარი, რომელიც სკაში ველურ პირობებში ცხოვრობს, ფიჭას ამზადებს. მსგავსი ტექნოლოგიით ფუტკრის გამრავლებითა და მინიმალური დანახარჯით ოსიყმიშვილი მაქსიმალურ მოგებას ნახულობს. მას, ამჯერად, ქართული ჯიშის ფუტკრის 15 სკა აქვს.
,,იაპონური მეფუტკრეობის მეთოდი მომეწონა. ავიღე სკის ზომები, ჩავსვი ნაყარი, მაგრამ 3-4 თვის შემდეგ ვნახე, კვდებოდა ფუტკარი. შემდეგ მომიწია სკაში კონსტრუქციების შეცვლა, ამის შემდეგ მივიღე სულ სხვა სკა. ქიმიას არ ვხმარობ, რასაც ხედავთ ყველაფერი ნატურალურია. სკაში შექმნილია ხის ფუღუროს იმიტაცია. მინდა აღვნიშნო, რომ არაფერს ვაკეთებ ფუტკრისთვის. იგი იკვებება ისე, როგორც ველურ ბუნებაში. შეაქვთ ჭეო, ნექტარი და აკეთებენ თაფლს. ჩემს ფუტკარს არ აქვს დაავადება“.
მეფუტკრე ინოვაციური ტექნოლოგიებით სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სკებს საკუთარი ხელით ამზადებს. ფერმერი ამბობს, რომ მისთვის მთავარი არა თაფლის რეალიზება და შემოსავლის გაზრდა, არამედ მეფუტკრეობაში ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ინოვაციური იდეების განხორციელებაა. ნიკოლოზ ოსიყმიშვილი მიუთითებს, რომ მსგავსი ტექნოლოგიით ფუტკრის მოშენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რისთვისაც სპეციალური ცოდნა არ არის საჭირო.
,,სკის კედლების სისქეს არ აქვს მნიშვენლობა. ჩემი აზრით, სკაშია პრობლემა. ვინ მოიფიქრა, რომ მაინცდამაინც ჰორიზონტალურად უნდა დაფრინდეს ფუტკარი? ვინ თქვა, რომ სკას დათბუნება სჭირდება? ეს გამარტივებული ტექნოლოგიაა და მოზარდსაც შეუძლია, რომ მოაშენოს ფუტკარი. ფუტკარმა იცის, როგორ გააკეთოს საკუთარი საქმე“.
ნიკოლოზ ოსიყმიშვილი სკებს მხოლოდ თაფლის ასაღებად ხსნის. ის ფუტკრის რძისა და მტვრის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის დადებითად მოქმედებს სასუნთქ, კუჭ-ნაწლავისა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
,,აეროაპითერაპიაა დინდგილის, თაფლის, სანთლის, ფუტკრის რძის და ყვავილის მტვერის ეთერ-ზეთები, რომლებიც გამოიყოფა ფუტკრის სკაში. 200 მეტრის რადიუსში უწევს დეზინფექციას ჰაერს, ასეთი მიკროკლიმატი აუმჯობესებს დაავადებულთა მდგომარეობას, უწევს მადას, უკეთესს ხდის ძილს და განწყობას, საერთო ჯამში კი უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს. აღნიშნული აქროლადი ეთერ-ზეთები (სკის ჰაერი), სტიმულირებას უწევს სასუნთქ,კუჭ-ნაწლავისა და გულსისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს ნერვულ სისტემას. სკის ჰაერი აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, ამაღლებს იმუნურ სისტემას“.
ფერმერი, სამომავლოდ, საკუთარი უჩარჩოო მეფუტკრეობის ტექნოლოგიის დაპატენტებასა და საქართველოში აეროაპითერაპიის დანერგვას გეგმავს რაც ბევრ ქვეყანაში უკვე აპრობირებულია.