mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ფერმერები ღორების რეგისტრაციის შესახებ – დადგენილების ამოქმედების შემდეგ ცხოველებს ვეღარ მოვამრავლებთ

ფერმერები ღორების რეგისტრაციის შესახებ – დადგენილების ამოქმედების შემდეგ ცხოველებს ვეღარ მოვამრავლებთ


კახელი ფერმერები საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებას ,,ღორის იდენტიფიკაცია–რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის” დამტკიცების შესახებ უარყოფითად აფასებენ.
დადგენილების მიხედვით, ფერმერმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რომელიც პირუტყვის გადაადგილებას, დაკარგვას, დაკვლასა და სხვა საკითხებს შეეხება. მეწარმეები ფიქრობენ, რომ მთავრობის დადგენილება №548 – ის რეგულაციის ამოქმედება მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახება. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ფერმერი, თემურ მარგალიტაშვილი, რომელიც ღორებს 15 წელია ზრდის, ამბობს, რომ პირუტყვის მოვლის დანახარჯის გაზრდის შემთხვევაში, საქმიანობას აღარ გააგრძელებს.
,,მომავალში ძალიან გართულდება ღორების მოშენება, ისედაც ღორების ყოლას აზრი აღარ ქონდა. მითუმეტეს, თუ დამატებითი ხარჯები მექნება, აღარ ვიყოლიებ. დროსაც ბევრს წაიღებს და ფულსაც“, – განაცხადა თემურ მარგალიტაშვილი.
მთავრობის დადგენილება მიუღებელია ღორის ხორცის რეალიზატორებისთვისაც. ისინი შიშობენ, რომ ცვლილების შედეგად პროდუქტზე ფასი გაიზრდება.
,,გლეხი ზრდის და კლავს ღორს, შემდეგ ეს ხორცი მოწმდება ბაზარში, სადაც 3 ექიმია. მაინტერესებს სასაკლაოზე წაღება რისთვის არის საჭირო, რომ გლეხმა ორმაგად იხადოს ფული? ეს ყველაფერი კეთდება ხორცის გაძვირების გამო. გლეხს ატყავებენ, ცხოვრება ისედაც უჭირს ხალხს“, – აცხადებს თელავის ბაზარში ხორცის გამყიდველი ოთარ ასფალაშვილი.
მოსახლეობის ნაწილი კი რეგულაციების შემოღებას დადებითად აფასებს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია და ადგილობრივ ბაზარზე ის ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტის გაყიდვას შეუწყობს ხელს.
,,ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტი უნდა იყიდებოდეს და ვიცოდეთ, რას ვჭამთ. ძალიან კარგია რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ ამან ფასის ზრდა არ უნდა გამოიწვიოს. მოსახლეობა ისედაც ხელმომჭირნეთ ცხოვრობს“, – ამბობს თელავში მცხოვრები ნინო ხაჭაპურიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი განმარტავს, რომ ღორების სადგომების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია ღორების აღწერას და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებას გულისხმობს. ავალიანი ირწმუნება, რომ ფერმერებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ და ღორების სადგომების რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების გაკეთება უფასო იქნება. პროცედურებს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური.
,,დადგენილება მორგებულია ქართულ რეალობას. ღორების სადგომების რეგისტრაცია გულისხმობს ღორების აღწერას საქართველოს მასშტაბით და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებას. ვეტერინარიის სამსახურს გვექნება მონაცემები ქვეყანაში არსებული ღორების სადგომების შესახებ, გვეცოდინება, რა რაოდენობის ღორია ქვეყანაში და სად უნდა მივიდეს სააგენტოს თანამშრომელი მისი დაავადების შემთხვევაში რათა მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება.
რა შეეხება იდენტიფიკაციას, ითვალისწინებს საყურე ნიშნების შემოღებას. ეს არ ეხება ყველა ღორს, ეხება იმას, რომელიც დაექვემდებარება რეალიზაციას და გადაადგილებას. ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება, რათა ფერმერს ერთბაშად არ მოუწიოს ყველა ღონისძიების განხორციელება“, – განუცხადა knews.ge-ს ლაშა ავალიანმა.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული დადგენილება დაავადებებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს და ის ხორცზე ფასის მომატებას არ გამოიწვევს.
,,აღნიშნული დადგენილება არ ითვალისწინებს გადასახადების შემოღებას, არ არსებობს საფუძველი, რომ ღორის ხორცი გაძვირდება, ეს მოსაზრება რეალობას მოკლებულია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დავიწყეთ მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია, რომელსაც არ მოყოლია ფასის ზრდა“, – აღნიშნავს ავალიანი.