mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ფრანგული ყველი კახურად

ფრანგული ყველი კახურად


სოფელ შალაურში მცხოვრები ლევან ცაგურია 5 წელია თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით აწარმოებს.
მან რვა წლის წინ ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ფერმერული საქმიანობაც აქედან დაიწყო. ფერმერმა ყველის მცირე საწარმო „მარლეტას ფერმა“ საკუთარი ხელით საცხოვრებელ სახლთან ახლოს ააშენა. მარლეტა კი, იმ ძროხის სახელია, რომელიც ოჯახს წლების წინ აჩუქეს, სწორედ ამის შემდეგ შეუდგა ლევანი ფერმერულ საქმიანობას.
,,სამი წელია მეუღლესთან ერთად ვუვლი თხებს და ყველს ვაწარმოებთ. ჩვენმა ცდამ გაამართლა და ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია თბილისში რამდენიმე მაღაზიასა და რესტორანში იყიდება. თხის ყველს ფრანგული ტექნოლოგიით ვაწარმოებთ, რადგან ქართული ვერ მოვიძიე. ჩვენი თხების რძე შემოწმებულია ლაბორატორიულად, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ვაკეთებთ. ასევე, ყველიც, რომ რამე არ გაიპაროს პროდუქტში“, – აცხადებს ცაგურია.
მეწარმეს ამ დროისთვის 12 მეწველი თხა, 16 ციკანი, 1 ზაანენის ჯიშის მამალი თხა ყავს. ცაგურია ყვება, რომ თავდაპირველად იმერული ყველის ამოყვანა მეზობელმა ასწავლა. ყველის ფრანგული ტექნოლოგიით წარმოებას კი ინტერნეტის საშუალებით გაეცნო, შემდეგ შესაბამისი კურსებიც გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. იგი ამჟამად 4 სახეობის ყველს აწარმოებს. თხის ყველი ,,ბონა“ თბილისში სპეციალიზირებულ მაღაზიებში 65 ლარი ღირს, ძროხის ყველი ,,შალაურის თეთრი“ კი, 45 ლარად იყიდება. ფერმერი ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე მუშაობს, რადგან წარმადობა იმდენად მცირეა, რომ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც წარმოებას კომერციული სახე მისცა, რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. მიუხედავად განსხვავებული საგემოვნო თვისებებისა, ბაზარმა სიახლე აითვისა.
,,ყველის სახეობა, რომელსაც ვაწარმოებთ, საზღვარგარეთ ხუთჯერ ძვირია. საგემოვნო თვისებების გარდა, იმითაც არის გამორჩეული, რომ არ იწვევს ალერგიას. დღესდეღეობით მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე ვმუშაობ“, – ამბობს ლევან ცაგურია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი საწარმოს ფუნქციონირება და ფერმერული საქმიანობის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ის სოფლის გაძლიერებას და განვითარებას უწყობს ხელს.
,,თხის ყველის შეძენა მხოლოდ რესტორნებსა და რამდენიმე სპეციალიზირებულ მაღაზიაშია შესაძლებელი, ისიც თბილისში. პროდუქტი სასარგებლოა, თუმცა ძვირი. სასიამოვნოა მისი დაგემოვნება ჭიქა ღვინოსთან ერთად“, – აცხადებს თელავის მკვიდრი გიორგი ბაღანაშვილი.
ლევან ცაგურიას განმარტებით, ფრანგული ტექნოლოგია, რომელსაც თხის ყველის წარმოებისას იყენებს, საქართველოში ბევრისთვის უცხოა. მისივე თქმით, საფრანგეთში ყველის წარმოება იქ საუკუნეების გამოცდილებას ითვლის. თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც ყველის წარმოება საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ცაგურია სამომავლოდ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში თხის ფერმის გაფართოებას და ყველის საწარმოს სრული დატვირთით ამუშავებას გეგმავს.