mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ქალაქ თელავში საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე 40 000 ლარი დაიხარჯება

ქალაქ თელავში საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე 40 000 ლარი დაიხარჯება

ქალაქ თელავში საახალწლო განათებების დასამონტაჟებლად და კონცერტის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი დაიხარჯება.
ქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის დამტკიცებას კენჭი რიგგარეშე სხდომაზე უყარეს. როგორც ქალაქ თელავის კულტურის ცენტრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ Knews.ge-ს განუცხადა, აღნიშნული თანხა ქალაქის საახალწლო განათებების შეძენას და ღონისძიებაზე მომღერლების ჩამოყვანას მოხმარდება.
,,აღნიშნული თანხა დაიხარჯება საახალწლო განათებების შესაძენად და ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. მინდა აღვნიშნო, რომ თელავი ძალიან მაგარი პროგრამით შეხვდება ახალ წელს. ორი წლის უკან ვიყიდეთ ძალიან კარგი განათებები, რომელიც ქალაქში რამდენიმე ადგილას დამონტაჟდა, მაგრამ ის მოიპარეს და დააზიანეს. ამ საკითხზე რამდენჯერმე განცხადებაც დავწერეთ შესაბამის ორგანოებში. აქედან გამომდინარე, წელს ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ განათებები, რომელიც ახლა იქნება ნაყიდი, დამონტაჟდება იმ სიმაღლეზე, რომ შეუძლებელი იყოს მისი დაზიანება,’’– განუცხადა Knews.ge-ს ზაქარია რაზმაძემ.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, გასულ წელს საახალწლო კონცერტზე დაიხარჯა 70 000 ლარი, რომელიცსაქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო. საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის თქმით, იმის გამო, რომ გასული წლის მსგავსად აღნიშნული უწყებამ თანხა ვერ გამოყო, საკრებულო იძულებული გახდა, საჭირო თანხების მობილიზება მოეხდინა.
,,შარშანდელივით საახალწლო ღონისძიებებისთვის კულტურის სამინისტროდან აღარ მოხდა დაფინასების გამოყოფა, აქედან გამომდინარე ჩვენ თანხების მობილიზება გავაკეთეთ სხვადასხვა მიმართულებებიდან და გადავიტანეთ კულტურის ა(ა)იპ–ის დასაფინანსებლად, რომ თელავი ღირსეულად შეხვდეს ახალ წელს’’,– განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.