mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ყარაჯალაში მოსახლეობა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითხოვს

ყარაჯალაში მოსახლეობა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითხოვს


თელავის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები მოსახლეობა შექმნილი პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, წლებია დაზიანებულია ცენტრალური და შიდასაუბნო გზები. ისინი სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვენ. ყარაჯლელი დოვლათ მამედოვის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნული პრობლემების მოგვარების და დახმარების მოთხოვნით მოსახლეობამ არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. იგი არჩევნების გზით არჩეულ საჯარო მოხელეებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
,,რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ არიან კანდიდატები? უკვე აღარ მჯერა მათი. მარტო არჩევნებზე ვახსენდებით და სხვა დროს არ ვაინტერესებთ. წლებია სოფლებში ამდენი პრობლემები გვაქვს და არ ფიქრობენ მოგვარებას, ის კი არა არც ინტერესდებიან, გვკითხონ როგორ ვართ და რა გვაწუხებს.’’
ეთნიკური თემის მცხოვრებლებისვე განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში სოფლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიდიან და ხმის მიცემის სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებას პირდებიან, თუმცა არჩევნების შემდეგ მდგომარეობა უცვლელი რჩება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ახალი დეპუტატის იმედი აქვთ.
,,ბუნებრივი აირი გვინდა რომ შემოგვიყვანონ. სოფლის ერთ ნაწილში არის და ჩვენთან არა. გვითხრეს თქვენამდეც მოვიყვანთო მაგრამ არაფერს აკეთებენ. ასე გაანებეს სამუშაოებს თავი და წავიდნენ. ვთხოვთ ყველას ეს პრობლემა მოგვიგვარონ. დაიწყონ მაინც მუშაობა. მარტო ჩვენი ხმები უნდათ არჩევნებზე, ისე არავის ვასხოვართ“, – აცხადებს აჟდარ მუსტაფაევი.
თელავი–ყვარლის გაერთიანებულ ოლქში დამოუკიდებელი და პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატების განცხადებით, სოფლებში არსებული პრობლემების მოგვარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მათი პრიორიტეტია. გამარჯვების შემთხვევაში ისინი ყარაჯლელებს დაპირებული საკითხების მოგვარებას პირდებიან.
,,უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია, რათა ყველამ ერთად ღირსეულად ავაშენოთ კარგი ქვეყანა. პრობლემები არის, თუმცა მოუგვარებელი არა, ბევრი პროექტი განვახორციელეთ და კიდევ ვაპირებთ გაგრძელებას“,–ამბობს პარტია ,,ქართული ოცნების“ თელავი–ახმეტას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული.
ეთნიკურად დასახლებულ თემში არსებულ პრობლემებზე საუბრობს ,,თოფაძე–მრეწველების, ჩვენი სამშობლოს თელავი–ახმეტას დეპუტატობისკანდიდატი ნუგზარ ბეჯანოვიც. მისი განცხადებით, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს და გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მიტანას აპირებას.
,,მაქვს ხალხის მხარდაჭერის იმედი და ამიტომ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში. ეკონომიკური კუთხით მინდა, რომ გაძლიერდეს მუნიციპალიტეტი. ვაპირებ, ინვესტორების მოძიებას რათა განვახორციელო სოფლისთვის საჭირო პროექტები რაც ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს“,–განაცხადა ბეჯანოვმა.
მოსახლეობის ინფორმაციით კი, იმ შემთხვევაში თუ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ დაიწყება, ისინი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.