mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ყვარელში ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ყვარელში ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გ.ხუციშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ. ხუციშვილმა თანასოფლელ 76 ელის თ.ხოდაშნელიშვილთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ხუციშვილი მივიდა ხოდაშნელიშვილთან სახლში და ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, შემდეგ გაგუდა და გვამი ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. გვამის გადამალვის შემდეგ, ხუციშვილი ხოდაშნელიშვილის სახლში დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თინათინ ხოდაშნელიშვილის კუთვნილ „Hmobile X3“ მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ხუციშვილი 10 აგვისტოს სოფელ შაქრიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ხუციშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით “- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.