mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

შსს წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე – მამაკაცს ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა

შსს წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე – მამაკაცს ყოფილ მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა
თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ვრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს, რომელიც ყოფილი მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული, ქალთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაუმტკიცა. მოსამართლემ მას 30 დღის განმავლობაში აუკრძალა ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირი, რომელსაც იგი არ დაემორჩილა. მომხდარ ფაქტთან დაკვშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, 1984 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილი მეუღლე – 1987 წელს დაბადებულ ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ქალბატონი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით თვითმკვლელობა სცადა. კერძოდ, თავის არეში, სანადირო თოფიდან გასროლით თავი დაიჭრა. იგი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა “,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, 2016 წლის 21 ნოემბერს სამართალდაცავებმა ა.ბ. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ მას გირაო 8000 ლარი შეუფარდა. მან პენიტენციური დაწესებულება 1-ელ დეკემბერს დატოვა.