mediacentrikakheti@gmail.com +995 555 52 02 34

ჩემი თელავი

ჩემი თელავი
საქართველოში პატარა ქალაქებს დღეს ბევრი პრობლემა აქვთ, რომლებიც მჯერა ნელ-ნელა მოგვარდება; მიუხედავად ამისა, თელავი ჩემთვის სრულიად გამორჩეულია. მგონი აქ ის ვიპოვე ის, რაც თბილისში ნელ-ნელა დავკარგე: ბუნებრიობა, სიმყუდროვე, სიმშვიდე, სივრცე და სილაღე.

„ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“

გ. დოჩნაშვილი

მე უკვე ვიცი. ამ დღეებშიც მივდივარ თელავში. საერთოდ ხშირად მიწევს იქ სიარული, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. თელავი 2010 წელს აღმოვაჩინე: სამსახურის საქმეზე ჩამოვედი და შემიყვარდა. მას მერე სულ მინდა იქ დაბრუნება; ჩემს გარშემოც მგონი უკვე ყველა შევაღონე თელავზე ლაპარაკით.
საქართველოში პატარა ქალაქებს დღეს ბევრი პრობლემა აქვთ, რომლებიც მჯერა ნელ-ნელა მოგვარდება; მიუხედავად ამისა, თელავი ჩემთვის სრულიად გამორჩეულია. მგონი აქ ის ვიპოვე ის, რაც თბილისში ნელ-ნელა დავკარგე: ბუნებრიობა, სიმყუდროვე, სიმშვიდე, სივრცე და სილაღე. მას მერე სულ ვცდილობ არა მარტო პირადი ურთიერთობებით, საქმითაც დაკავშირებული ვიყო აქაურობასთან. ასეც მოხდა. ჩამოვალ, საქმეს მოვილევ და დავდივარ მერე ქუჩებში. ჩემი საყვარელი ადგილებიც გამიჩნდა, ადამინებიც გავიცანი – ახლა მეგობრებიც მყავს და მინდა საცხოვრებლად გადავიდე. მინდა კი არა, ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე წელიც და მერე იქ ვიცხოვრებ. სხვანაირად ვეღარ წარმომიდგენია.
სულ ვფიქრობდი, რამ შემაყვარა ეს ქალაქი ასე ძალიან? ალბათ, პირველ რიგში, ადამიანებმა ვინც იქ გავიცანი: ღია, ლაღი, ბევრი იუმორით. ძალიან მომწონს ძველი, აგურის და ქვის სახლები კრამიტის სახურავებით და ხის აივნებით; პატარა, მწვანე ეზო-ბაღები (განსაკუთრებით კედლებზე ან ღობეებზე ასული ხვიარა წითელი ვარდები), ვიწრო ქუჩები, აღმართ-დაღმართები, ქვაფენილზე შემოდგომით ჩამოყრილი ყვითელი ფოთლები, გაზაფხულზე აყვავებული წაბლის ხეები, ჭადარი რომელსაც სულ მინდა ჩავეხუტო და იქვე „ჭადართან“ ტერასაზე ჯდომა და სივრცის ყურება; ბაგრატიონის ქუჩაზე შემორჩენილი ძველი ფარდულები, სადაც დღესაც სხვადასხვა ხელოსანი მუშაობს; სახლების წინ გასაყიდად გამოტანილი ქოთნის ყვავილები, ორომტრიალი და ფუსფუსი ბაზრის მისადგომებთან, თელაველებთან ლაპარაკი, პატარ-პატარა ჯგუფებად ამვლელ-ჩამვლელი სტუდენტები ახვლედიანის ქუჩაზე. ნაცნობები მხვდებიან უკვე ქუჩაში – ამ დროს თავი შინაური მგონია და კარგ ხასიათზე ვდგები.
სადაც არ უნდა იყო, გაიხედავ და კავკასიონი! ხან ახლადჩამოთოვლილი, ხან ნისლებში, ხან მკვეთრი კონტურებით, ხან მზის სხივებში. ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ასე ნელ-ნელა მეც ისე მივეჩვიე – სულ მინდა ვხედავდე! გომბორზე რომ გადაეშვები, პირველივე დაღმართიდანვე ხედავ კარგ ამინდში. პატარა ბავშვივით ველოდები ყოველ ჯერზე: აბა დღეს როგორ არის საქმე? ჩანს თუ ღრუბლებშია დამალული? დავინახავ და ე.ი. ახლოს ვარ, სახლში ვარ.
ზაფხულში ვიყავი წელს მეგობრებთან ერთად ჩამოსული თელავში; პაპანაქება სიცხე იყო. მაინც გავისეირნეთ ჩემ საყვარელ ადგილებში, მეგობრებითვის ძველი საფლავის ქვებით გაკეთებული კიბეების ჩვენება მინდოდა: ჩოლოყაშვილიდან გორიჯვარის ეკლესიისკენ ვიწრო ქუჩა ადის. ეკლესიის გარშემო პატარა სკვერია, რაღაც საბჭოთა დროინდელი (მგონი სამკერვალოს) შენობაცაა შემორჩენილი. თაღით ყადორის ქუჩაზე გადიხარ. ეს ადგილები მომწონს ყველაზე ძალიან. ჩაუყვები ამ საოცარ, მოყუჩებულ ვიწრო ქუჩას და მიადგები ყადორის პარკს. ჩემთვის ეს პარკი ძალიან იდუმალია და იმ ხვატში სიხარულით შევაფარეთ თავი; დიდი ხის ქვეშ სკამზე ჩამოვსხედით. იქაურობა კი  ძალიან გასათიბი და ცოტა არ იყოს მიგდებულ-დავიწყებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ნახევრად გვერდზე გადაწოლილი ატრაქციონებით – მაგრამ სისუფთავე და სიმშვიდე დაგვხვდა; გავყურებდით ალაზნის ველს, ნიავი უბერავდა – ზაფხული საღამოს ნამდვილი შვება!
ვისხედით და წარმოვიდგინეთ როგორი იქნება თელავი წლების მერე: ყველაზე მწვანე ქალაქი საქართველოში, ბევრი პატარა სკვერით და პარკით, სადაც ბავშვები შეძლებენ თამაშს, უფროსები დასვენებას. ამ სკვერებში მოაწყობენ საბავშვო სათამაშო მოედნებს, ხის და არა პლასტმასის (მგონი თელავს არ უხდება სინთეტიკური, „ზიზილ-პიპილო“ ფერები და მასალა) საძრომიალოებით და საქანელებით;
თელავი იქნება ქალაქი მაღალი უსახური კორპუსების და შენობების გარეშე: სივრცე, ხედი და სუფთა ჰაერი. არც გამონაბოლქვში ამოიხრჩობიან ადამიანები – თბილისის მსგავსად. თელაველები და ქალაქის სტუმრები ისევ ყოველთვის დაინახავენ კავკასიონს.
უნივერსიტეტში ისწავლის კიდევ ურო მეტი სტუდენტი მთელი კახეთიდან და არა მარტო; უნივერსიტეტი იქნება მეცნიერებისა და კვლევის ცენტრიც, სააზროვნო სივრცე და ეს სტუდენტები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები ქალაქის ცხოვრებაში. თელავი ნამდვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გახდება.
თელავი იქნება კახეთის კულტურის ცენტრი – ისედაც ხომ არის უკვე – ჯერ მარტო საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი რად ღირს, მაგრამ ჩვენს ოცნებებში (ყადორის პარკისეულ) ქალაქს უფრო მეტი და მრავალფეროვანი კულტურის ცხოვრება ექნება: ღვინის ფესტივალებიც ჩატარდება, ფოლკლორისაც, ალტერნატიული მუსიკისაც და თანამედროვე ხელოვნებისაც…
ამ წარმოდგენებში მივხვდი, რომ ჯერ ბოლომდე არც ვიცნობ ამ ქალაქს, კიდევ უამრავი რამე მაქვს აღმოსაჩენი, საინტერესო ადამიანები გასაცნობი და ამბები მოსასმენი. ჯერ თეატრშიც კი არ ვყოფილვარ სპექტაკლზე; ხოდა, გამეხარდა! წარმოვიდგინე რამდენი კარგი რამე მელის წინ!
მჯერა, თელავი ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც დღეს პატარა ქალაქების წინაშე მდგარ პრობლემებს დაძლევს და გავნითარდება. მერე უფრო მეტ ადამიანს ექნება ერთი სული, გადაეშვას გომბორზე, გაიაროს თეთრი წყლების და შუამთის ჯადოსნური ტყეები, შეუხვიოს ჭავჭავაძის ქუჩაზე და პატარაქალაქის ფუსფუსს შეერიოს.